ძაგნიძის ბრინჯაო და ქართველი მოჭადრაკეების სხვა წარმატებები უნგრეთის საჭადრაკო ოლიმპიადაზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატების მისალოცად ქართველ მოჭადრაკეებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ უნგრეთში გამართულ 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილზე გავიდა, ვაჟ მოჭადრაკე ნაკრებმა კი მე-19 ადგილი დაიკავა.
ბუდაპეშტში, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის – ფიდე-ს 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დაჯილდოვდნენ გამორჩეული საჭადრაკო მოღვაწეები და ცალკეული ორგანიზაციები განსაკუთრებული მიღწევებისა და ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ყველა დროის საუკეთესო ქალთა გუნდად საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ნაკრები დასახელდა, სპეციალური პრიზით კი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი დაჯილდოვდა.
უნგრეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნანა ძაგნიძე, საქართველოს ქალ და ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები და ლეგენდარული მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წარმატების მისალოცად ქართველ მოჭადრაკეებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.
რიგით 45-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა უნგრეთში 10-დან 23 სექტემბრამდე შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართა. თითოეული შეხვედრა შედგებოდა 4 თამაშისგან კლასიკური დროის კონტროლით. მამაკაცთა და ქალთა გუნდებს შორის ჩემპიონები ინდოეთის წარმომადგენლები გახდნენ. ღია ტურნირში 197 გუნდი მონაწილეობდა.