თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. თბილისელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაული „თბილისობა“ წელს 5-6 ოქტომბერს გაიმართება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
2018 წლიდან „თბილისობა" ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას იმართებოდა და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული. ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა გადაიდო მხოლოდ ორჯერ – 2020 წელს კოვიდპანდემიის გამო და 2021 წელს – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. 2021 წელს მხოლოდ „საპატიო თბილისელების“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებები ორბელიანების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე რიყის პარკში გაიმართება.
„თბილისობა 2024-ის“ შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალური პროგრამა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი.
წლევანდელი „თბილისობისთვის" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მლნ ლარი გამოიყო. გასულ წელს თბილისის მერიას დღესასწაული 3,1 მლნ ლარი დაუჯდა.
„თბილისობა 2024“ გააერთიანებს კულტურულ, სპორტულ და სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს, რომლებიც განკუთვნილი იქნება ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ინსტალაციები, თემატური დეკორაციები, ფოტოზონა, დეკორატიული სტენდები, საბავშვო საგამოფენო პავილიონები, დასასვენებელი ზონები, სხვადასხვა დეკორაციები/რეკვიზიტები, ავეჯი საბავშვო სივრცისთვის, ღვინის ზონა, და სივრცე კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის.
პირველად „თბილისობის" დღესასწაული 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.