პრემიერი: ქართველი ხალხის დასჯა სურთ

საქართველოში ანალოგიური პროცესები მოხდა გასულ წელსაც, ვიდრე ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რიგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ითხოვენ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებას და მათ მფარველებს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისა და „რადიკალური ოპოზიციის“ უარყოფისთვის ქართველი ხალხის დასჯა სურთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით.
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში მოიცავს შვიდ რეკომენდაციას, რომელთა შორისაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონზე მხარდაჭერისთვის „ქართული ოცნების" ლიდერებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის შეზღუდვა, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობის განხილვა, აშშ-ის ფინანსური სანქციები პარტიის ცალკეული ლიდერების, მათ შორის მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ახლაც არავისთვის არ არის გასაკვირი, რომ ამ ადამიანებს უნდათ ქართველი ხალხის დასჯა ერთადერთი მიზეზის გამო – ქართველი ხალხი მყარად უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და უარს ეუბნება რადიკალურ ოპოზიციას, კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“. ამის გამო ამ ადამიანებს და მათ მფარველებს ქართველი ხალხის დასჯა სურთ“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არავის უკვირს, რადგანაც ამ ადამიანებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ.
„თავის დროზე, როცა ვიზალიბერალიზაციის საკითხი განიხილებოდა, მაშინაც ეს ადამიანები, ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათ შორის შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტიურად ლობირებდნენ ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამის შემდეგ იყო ანალოგიური პროცესები, რაც უკავშირდებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და აქაც, კობახიძის თქმით, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და შესაბამისი პოლიტიკური პარტიები პირდაპირ ლობირებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ.
„ისინი არ სცემდნენ პასუხს კითხვაზე, იმსახურებდა თუ არა ქვეყანა კანდიდატის სტატუსს და ამ ნეგატიური კამპანიის ფონზე ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერად ყველაფერი პოზიტიურად განვითარდება.
„თუმცა ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად განვითარდება ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის და საბოლოო ჯამში ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა პრემიერმა.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა.
ამასთან, საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა.