თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, გივი შაჰნაზარის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
91 წლის გივი შაჰნაზარი 23 სექტემბერს გარდაიცვალა.
როგორც ბიძინა ივანიშვილი სამძიმრის წერილში აღნიშავს, ქვეყანას დააკლდა არამხოლოდ გამორჩეული საზოგადო მოღვაწე, არამედ კეთილშობილი და ღირსეული ადამიანი.
„დიდია გივი შაჰნაზარის წვლილი ქართული ლიტერატურის გამდიდრების საქმეში. მან ჩვენს საზოგადოებას დაუტოვა ქართულ ენაზე ნათარგმნი საიათნოვას ლექსები, სომხური, აფხაზური და ოსური პოეზიის ნამუშევრები. გულითადად ვუსამძიმრებთ გივი შაჰნაზარის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ჩვენს საზოგადოებას ამ დიდი დანაკარგის გამო“, - ნათქვამია ივანიშვილის სამძიმრის წერილში.
გივი შაჰნაზარი 1933 წლის 23 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო სომხური, რუსული, ოსური და აფხაზური პოეზიის მთარგმნელი.
1984-1987 წლებში გივი შაჰნაზარი იყო თბილისის სომხური დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962 წლიდან იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1997 წლიდან კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეროვნებათაშორისი ურთიერთობის განწყობის რეფერენტი. შაჰნაზარი 2015 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე.
იგი 1950-იანი წლებიდან აქვეყნებდა თარგმანებს სომხური, აფხაზური და ოსური ენებიდან. პირველი თარგმანები ქართულ ენაზე 1952 წელს გამოაქვეყნა. ძირითადი ნაშრომებია: საიათნოვას „ლექსები“(1972), სევაკის კრებული „იქმენინ ნათელი“(1978), ვოიტილას დრამა „ოქრომჭედლის სახელოსნოს წინ“(2000). მან ქართულ ენაზე ააჟღერა არაერთი სომეხი, აფხაზი და ოსი პოეტის ლექსები.
მიღებული აქვს ეღიშე ჩარენცისა (1998) და ივანე მაჩაბლის (1993) სახელობის პრემიები; 1998 წელს კი მიენიჭა ფრიტიოფ ნანსენის სახელობის საერთაშორისო პრემია.
1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, სამი წლის შემდეგ კი თბილისის ერთგულების ორდენით. ასევე იყო პრემია „საგურამოს“ და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.