თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ზაფხულშიც იყო და ახლაც საკმაოდ ბევრია, განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან".
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის შემდგომი გართულებით 16.811 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში 2,9 მილიონზე მეტი აცრა გაკეთდა (საქართველოს მოსახლეობა 3,7 მილიონი ადამიანია).
ექიმის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული ზაფხულის დონეზე გაცილებით მეტია. ამავდროულად, კორონავირუსის სიჭარბე არ ნიშნავს, რომ ინფიცირებული პაციენტების კლინიკური მიმდინარეობა მძიმეა და ეს არ არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც მათ ჰოსპიტალიზაციას განაპირობებს.
რაც შეეხება გრიპის ვირუსს, როგორც ბუწაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო.
„გრიპის ეპიდემია სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს. დანარჩენ ვირუსებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა არ გვაქვს. არის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა ვირუსული ინფექციების. ამჟამად განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაქვს“, - განაცხადა ინფექციონისტმა.
გრიპის სეზონი საქართველოში, ჩვეულებრივ, ნოემბერში იწყება და პიკს დეკემბერ–იანვარში აღწევს. გრიპის ვირუსისგან თავის დაცვის პრევენციული ზომები ისეთივეა, როგორიც კორონავირუსისგან დაცვისას: ხელების ხშირი დაბანა, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება. ექიმები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
როგორც ადრე გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს შეისყიდის. 2023 და 2022 წლებში შეძენილია 200 ათასი დოზა.
რისკის ქვეშ მყოფი პირები, ისევე როგორც წინა წლებში, ვაქცინას სახელმწიფოსგან უფასოდ მიიღებენ. რისკის ჯგუფში ძირითადად შედიან ორსული ქალები, მოხუცები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალებაა.
საქართველოში გრიპთან უფრო ეფექტური ბრძოლისთვის რამდენჯერმე გახანგრძლივდა უფასო ვაქცინაციის ვადები. 2023 წელს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისყიდეს ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა Sanofi Pasteur-ის 200 ათასი დოზა. ეს ერთ-ერთია იმ ვაქცინებს შორის, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დაშვებული.