უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილი ჯარიმების რაოდენობა შემცირდა

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განსაზღვრულია 30 დღე.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის 8 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 2,3 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 11,5%-ით ნაკლებია, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ბიუჯეტის შესრულების შესახებ მომზადებულ ანგარიშზე დაყრდნობით.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.
იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 116 ათასამდე ჯარიმა გამოწერეს, რაც წინა წელთან შედარებით 15 ათასით ნაკლებია.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად განსაზღვრულია 30 დღე.
აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევ პირს ერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო თუ საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში დაჯარიმებულმა პირმა კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2023 წელს თბილისში უბილეთო მგზავრები დაჯარიმდნენ თითქმის 3,6 მილიონი ლარით, რაც 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით 57%-ით მეტია.