თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სპორტული სუვენირების კოლექციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია პარიზის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონ გიგა ოჩხიკიძის ბირთვს. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
გიგა ოჩხიკიძე ქართული პარასპორტის ისტორიაში მეორე პარასპორტსმენი გახდა, ვინც ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა - პირველად პარალიმპიადის გამარჯვებული 2016 წელს რიოს თამაშებზე პარაძიუდოსტი ზვიად გოგოჭური გახდა.
„ბოლო, განსაკუთრებით ღირებული საჩუქარი (და დიდი მადლობა გიგას ამ საჩუქრისთვის) არის ის ბირთვი, რომლის წყალობითაც მან მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი პარასპორტში, გახდა პარალიმპიური თამაშების გამარჯვებული. ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო ამ საჩუქრის მიღება“, – განაცხადა კობახიძემ.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მის კოლექციაშია ბურთები ფეხბურთელებისა და რაგბისტების ხელმოწერებით, მაისურები, რისთვისაც მადლობას უხდის მათ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, კოლექციიდან თითოეული საჩუქარი თავისებურად მნიშვნელოვანია - ერთ-ერთი ბოლო იყო საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ლევანტეს" ნახევარმცველის, გიორგი ქოჩორაშვილის მაისური.
ერთ-ერთი ბოლო საჩუქარი, ფეხბურთელებისგან რაც მივიღე, არის ქოჩორაშვილის „ლევანტეს" მაისური, ძალიან ლამაზია და მადლობა გიორგის ამისთვის. პატარა კოლექცია მაქვს დაგროვილი და მადლობა ყველას ამ საჩუქრებისთვის - განსაკუთრებით ემოციურია თითოეულის საჩუქარი ჩემთვის", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველო 2024 წლის პარალიმპიურ თამაშებზე
პარალიმპიური თამაშები პარიზში 28 აგვისტოს გაიხსნა და 8 სექტემბერს დასრულდა.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა. მათ მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.
საქართველოს ნაკრები ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებში 2008 წლიდან მონაწილეობს. საერთო ჯამში, პარიზის ოლიმპიადამდე ქართველმა სპორტსმენებმა ოთხი მედალი მოიპოვეს, მათგან სამი ტოკიოს ოლიმპიადაზე (2021) და ერთი რიოში (2016).