„რაიდტექ ჯორჯიამ“ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის მოთხოვნები დაარღვია

კომპანიას ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით.
Sputnik
თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შემოწმების ფარგლებში შეისწავლა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex GO/Yandex Pro) მიერ პერსონალურ მონაცემთა სხვა სახელმწიფოში შესაძლო კანონდარღვევით გადაცემის ფაქტი.
აღნიშნული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ტაქსის სერვისით მომსახურებას Yandex GO-სა (მგზავრებისთვის) და Yandex Pro-ს (მძღოლებისთვის) აპლიკაციების მეშვეობით.
შემოწმებისას დადგინდა, რომ ინტერნეტ-კავშირის მონიტორინგის პროცესში აპლიკაცია დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციაში მდებარე სერვერებს.
შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ იმგვარად აქვს ორგანიზებული აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების დამუშავების ტექნიკური პროცესი, რომ მისი გამართულად ფუნქციონირებისას რუსეთში მდებარე სერვერებთან ქსელური კავშირის დამყარების დროს სერვერებისათვის ცნობილი ხდება აპლიკაციის მოწყობილობის გლობალური ქსელური მისამართი - IP Address-ი. შესაბამისად, სახეზეა ქსელური მისამართის სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის (ხელმისაწვდომობის) ფაქტი.
უწყების ინფორმაციით, შემოწმების დაწყებამდე „რაიდტექ ჯორჯიამ“ განცხადებით მიმართა სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ტერიტორიაზე დამუშავებული პერსონალური მონაცემების რუსეთში გადაცემის თაობაზე ნებართვის გაცემა.
სამსახურმა მითითებული წარმოების ფარგლებში შეისწავლა აღნიშნული კომპანიის მიერ სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციისათვის) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა საერთაშორისო გადაცემის მთავარ პირობად განსაზღვრული – მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების უზრუნველყოფის შესაძლებლობა და მიიჩნია, რომ რუსეთის ფედერაციაში არ არსებობდა მონაცემთა სუბიექტის უფლებების დაცვის სათანადო გარანტიების, მათ შორის, მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპის დაცვის რეალური მოლოდინი.
„ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სამსახურის უფროსის ბრძანებით, უარი ეთქვა შპს „რაიდტექ ჯორჯიას“ (Yandex Go და Yandex Pro) სხვა სახელმწიფოსთვის (რუსეთის ფედერაციაში) პერსონალურ მონაცემთა გადაცემასთან დაკავშირებით ნებართვის გაცემაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
სამსახურმა დაადგინა, რომ „რაიდტექ ჯორჯიას“ მიერ აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
შესაბამისად, კომპანია სამართალდამრღვევად გამოცხადდა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 ათასი ლარის ოდენობით.
ამასთან, „რაიდტექ ჯორჯიას“ დაევალა, უზრუნველყოს აპლიკაციის საშუალებით საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების (გლობალური ქსელური მისამართის/„IP Address“) რუსეთში გადაცემის შეწყვეტა“,- აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციაში.