თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში იმყოფება, სადაც 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება. ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.