თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს დელეგაციის სახელით, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში გამართულ „მომავლის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„მომავლის სამიტი“, რომელიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის, ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება, რამდენიმე დღეს გასტანს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რის შემდეგაც სიტყვით გამოვიდა ინტერაქტიულ დიალოგში გლობალური მმართველობითი ინსტიტუტების გაუმჯობესების და მდგრადი განვითარების საკითხებზე.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მნიშვნელობას მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობაზე მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკაზე, რომლის შედეგადაც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. მან აღნიშნა ხელისუფლების ძალისხმევა, ხელი შეუწყოს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის გლობალური სატრანსპორტო პროექტებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით და ამ მხრივ გამოთქვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან წარმატებული თანამშრომლობის იმედი“, - ნათქვამია განცხადებაში.
„მომავლის სამიტი" გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეგიდით იმართება. ღონისძიებას გაეროს წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები, საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
სამიტს წინ უძღოდა გუტერეშის 2021 წლის ანგარიში „ჩვენი საერთო დღის წესრიგი“ , სადაც გენერალურმა მდივანმა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავებისა და გლობალური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით წევრ სახელმწიფოებს „მომავლის სამიტის“ ჩატარებისკენ მოუწოდა.
ილია დარჩიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე „მომავლის სამიტის“ პლენარული სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან.
25 სექტემპერს კი პრემიერი კობახიძე ხ გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა, ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.