თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 173-ე სეზონს ხსნის

სეზონი ტრადიციულად ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი სექტემბერში 173-ე სეზონს ხსნის - მაყურებელს როგორც საპრემიერო, ისე რეპერტუარული სპექტაკლები ელოდება.
სეზონი დღეს, 22 სექტემბერს ტრადიციულად ოპერა „აბესალომ და ეთერით“ გაიხსნება - ზაქარია ფალიაშვილის ძველ ქართულ რომანსზე დაფუძნებული, სამ მოქმედებიანი ოპერის დადგმა უცვლელია.
„აბესალომ და ეთერი“ ფალიაშვილის ოთხმოქმედებიანი ოპერაა, რომლის ლიბრეტოც შუა საუკუნეების ქართული თქმულება „ეთერიანის“ მოტივებზე, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა" და ილია ჭავჭავაძის ლექსების გამოყენებით, პეტრე მირიანაშვილმა შექმნა.
საინტერესო ფაქტი: კომპოზიტორმა მის შემოქმედებაში ყველაზე მთავარი ოპერის შექმნაზე 15 წელი იმუშავა. ეს იყო ქართული მუსიკის ფანტასტიკური ზეიმი. ტრადიციულ საოპერო სცენაზე, სადაც აქამდე მხოლოდ ევროპელი და ზოგჯერ რუსი კომპოზიტორების ოპერები იდგმებოდა, სიცოცხლე შეიძინა ქართულმა. „აბესალომ და ეთერის“ პრემიერა თბილისში 1919 წელს შედგა. პრემიერის დღეს ოპერას დირიჟორობდა თავად ზაქარია ფალიაშვილი.
ღონისძიებაში მონაწილეობას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი, ორკესტრი და საბალეტო დასი მიიღებს.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი 1851 წლის 12 აპრილს დაარსდა. 1874 წელს იქ ხანძარი გაჩნდა, რის გამოც შენობა მთლიანად განადგურდა. თეატრმა მუშაობა ახალ შენობაში 1896 წელს განაახლა. სეზონი გლინკას „ივან სუსანინით“ გაიხსნა. 1937 წელს თეატრს ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელი ეწოდა.