თბილისის მარათონში უკრაინელმა ცოლ-ქმარმა გაიმარჯვა

თბილისში გამართულ საქველმოქმედო მარათონში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. დღეს დედაქალაქის ისტორიულ ქუჩებში თბილისის რიგით მე-13 მარათონი გაიმართა და გამარჯვებულები გამოვლინდნენ, იუწყება „პირველი არხი".
ტრადიციულმა მარათონმა სირბილის მოყვარულები თბილისში მეცამეტედ შეკრიბა. საქველმოქმედო ღონისძიება ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
გარბენი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო - გამარჯვებულები ხუთ დისტანციაზე გამოვლინდნენ – ნახევარმარათონში და 10-კილომეტრიან გარბენში ქალებსა და მამაკაცებში, ასევე ბავშვთა გარბენში.
ნახევარმარათონის (21,097 კმ) გამარჯვებული გახდა უკრაინის წარმომადგენელი ბოდგარ სემიონოვიჩი, ქალებში კი პირველობა არავის დაუთმო სემიონოვიჩის მეუღლემ ნატალია სემიონოვიჩმა.
„უკვე მეორე წელია, „თბილისის მარათონში" ვმონაწილეობ. შარშან მეორე ადგილზე გავედი, წელს კი პირველობა ვიზეიმე, რაც ძალიან მახარებს – ბოლო წლებში „თბილისის მარათონის“ ორგანიზაცია ძალიან მაღალ დონეზეა. მონაწილეთა რაოდენობა და დონე საგრძნობლად გაზრდილია. ამიტომ აქ გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა“, – განაცხადა სემიონოვიჩმა.
თბილისში გამართულ საქველმოქმედო მარათონში მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 3 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. მარათონმა სტარტი პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღო. გარბენის ფინიშიც რუსთაველის გამზირზე იყო.
„თბილისი მარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენია, რომელიც „ჰანიველცემენტის“ ორგანიზებით, საქართველოს ხელისუფლებისა და საბერძნეთის საელჩოს პატრონაჟით ტარდება.