თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩი გაიმართა, რომელშიც სტუმრებმა პენალტების სერიაში ანგარიშით 3:1 გაიმარჯვეს.
მატჩი პროექტ The Legend Series-ის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც Sports Orient-ისა და Europebet-ის პარტნიორობით შეიქმნა. პროექტი უახლოეს სამ წელიწადში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელების ჩამოყვანას ითვალისწინებს. 2024 წლის მარტში ბათუმმა მილანის „ინტერისა" და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავების მატჩს უმასპინძლა.
მატჩის ძირითაი დრო ფრე ანგარიშით 2:2 დასრულდა. შეხვედრის 38-ე წუთზე გოლი გიორგი დემეტრაძემ გაიტანა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.
მეორე ტაიმში მარკო ბორელომ ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ საქართველო კვლავ დაწინაურდა, ამჯერად გოლი დავით სირაძემ 67-ე წუთზე გაიტანა. მილანის ლეგენდებმა ანგარიშის გათანაბრება კლარენს ზეედორფის გოლის წყალობით მოახერხეს.
ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა ლეგენდებმა, როგორიცაა კაფუ, დიდა, რივალდო, კაკა. საქართველოდან – კახა კალაძე, არჩილ არველაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი. საქართველოს გუნდის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია იყო.
შეხვედრის დაწყებამდე ქართველმა პარასპორტსმენებმა სტადიონზე შეკრებილ მაყურებელს პარიზის პარაოლიმპიადაზე მოპოვებული მედლები წარუდგინეს.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა და ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.