მსოფლიო დღეს

ჯანმო: აფრიკაში მაიმუნის ყვავილის 25 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

ინფექციის ტიპური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
Sputnik
თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. აფრიკაში 1 იანვრიდან 8 სექტემბრამდე პერიოდში მაიმუნის ყვავილის 25 ათასზე მეტი საეჭვო და დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ლეტალობით დასრულდა 723 შემთხვევა, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.
ბოლო პერიოდში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამით (mpox) ინფიცირების შემთხვევები არაერთ ქვეყანაში დაფიქსირდა. ინფექცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წელს გამოავლინა. დაავადება სწრაფად ვრცელდება არა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ის უფრო ხშირია, არამედ აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთაც - შვედეთში, პაკისტანსა და ავსტრალიაში.
„2024 წლის 1 იანვრიდან 8 სექტემბრის პერიოდში აფრიკაში დაფიქსირდა მაიმუნის ყვავილის 25.093 საეჭვო და დადასტურებული შემთხვევა, საეჭვო შემთხვევებს შორის 723 ლეტალობით დასრულდა,” - განაცხადა ჰარისმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
მან დაასახელა სამი ქვეყანა, სადაც მიმდინარე წელს დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა:
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა – 21 835 სავარაუდო შემთხვევა, ლეტალობა - 717
ბურუნდი – 1 489 სავარაუდო შემთხვევა
ნიგერია – 935 სავარაუდო შემთხვევა.
მაიმუნის ყვავილი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, რომელიც პოტენციურად საშიშია დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის. ინფექცია შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანზე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, ინფიცირება შეიძლება მოხდეს გარემოს საგნებისა და ზედაპირების მეშვეობით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი შეეხო.
ტიპური სიმპტომებია გამონაყარი კანზე ან ლორწოვანი გარსების დაზიანება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს ორიდან ოთხ კვირამდე და ამას თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი, კუნთებისა და ზურგის ტკივილი, სისუსტე და ლიმფური კვანძების გადიდება.
ინფექციის მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობისას დაავადების ხანგრძლივობა 14-დან 21 დღემდეა.