ხელფასები საქართველოში: ვინ რამდენს იღებს

საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი 2004 ლარს შეადგენს
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში 12 ათას ლარზე მეტ ხელფასს 15,7 ათასი ადამიანი იღებდა, ამასთან 904 ადამიანის ხელფასი 50 ათას ლარს აჭარბებდა, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
უწყების ინფორმაციით, საქართველოში 904-დან 116 ადამიანის ხელფასი 70 ათასზე მეტია, 86 ადამიანის ხელფასი 80 ათასს აჭარბებს, 39 ადამიანის ხელფასი - 90 ათასზე მეტია, ხოლო 250 ადამიანს 100 ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 276,2 ათასი ადამიანი 1 ათას ლარზე ნაკლებ ხელფასს იღებდა, 70,1 ათასი კი 1000-დან 1200 ლარამდე. 305,2 ათასი ადამიანის ხელფასი 1,2 ათასიდან 2,4 ათასამდე მერყეობს.
საქართველოში დაქირავებული მუშაკების საშუალო ნომინალური თვიური ხელფასი მეორე კვარტალში 11,1%-ით (200,4 ლარი) გაიზარდა და 2004,9 ლარს მიაღწია, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
საარსებო მინიმუმი ერთ ადამიანზე 249,7 ლარია.