თბილისის ცენტრში მარათონის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები წესდება

ქველმოქმედებაზე მიმართული ტრადიციული მარათონი 22 სექტემბერს გაიმართება
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში ტრადიციული თბილისის მარათონის (Tbilisi Marathon) გამო, რომელიც სტარტს პირველი რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს, ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქველმოქმედებაზე მიმართული ტრადიციული მარათონი 22 სექტემბერს გაიმართება და სირბილის მოყვარულთ დედაქალაქში მე-12-ედ შეკრებს.
ღონისძიების მოსამზადებელ ეტაპზე, 21 სექტემბრის 23:45-დან 22 სექტემბრის 11:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედანს, შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მარათონი
რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება კოსტავას ქუჩას, შემდეგ კი გადაადგილდება დადგენილი სქემით.
N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ გადაადგილდება, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს.
თბილისის მარათონი
რაც შეეხება თავად ღონისძიებას, 22 სექტემბერს, 06:00-დან 11:00 საათამდე, ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე, ბაქოსა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ზაარბრუკენის მოედანსა და ხიდზე, სკუდიერის ქუჩაზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩასა და მოედანზე, მეტეხის ხიდზე და კოტე აფხაზის ქუჩაზე.
ტრანსპორტს შემოვლითი გზებით სარგებლობა მოუწევს.
წყარო - თბილისის მერია