საბურთალოს რაიონში მობილობის კვირეულის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები ამოქმედდა

თბილისი 16-22 სექტემბერს „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. „ევროპული მობილობის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 21 და 22 სექტემბერს მიცკევიჩისა და კანკავას ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
უწყების ცნობით, 11:00-დან 18:00 საათამდე კანკავას ქუჩასა და მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე - პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო გადაადგილება აიკრძალება.
ავტომობილების მძღოლები გამრეკელის ქუჩიდან, მიცკევიჩის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილდებიან ცინცაძისა და ბახტრიონის ქუჩების, ასევე, ყაზბეგის გამზირის გამოყენებით. პეკინის გამზირიდან მიცკევიჩის ქუჩისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებიც ისარგებლებენ ანალოგიური მარშრუტით.
ღონისძიებების პერიოდში, ცვლილებები შევა N347 ავტობუსისა და N497 მიკროავტობუსის მარშრუტებში, მხოლოდ მიცკევიჩის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას. კერძოდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამრეკელის ქუჩიდან მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდება ცინცაძის ქუჩას, პეკინის გამზირიდან კი მგზავრთა მომსახურებას განახორციელებს დადგენილი სქემით.
რაც შეეხება კანკავას ქუჩას, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები არნოლდ ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილდებიან ივანე ტურგენევის ქუჩაზე, საიდანაც ივანე ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან, ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები კი, კანკავას ქუჩის ნაცვლად, გამოიყენებენ ჯავახიშვილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ზაქარია ქურდიანის ქუჩას და მოძრაობას ჩიქობავას ქუჩისკენ განაგრძობენ.
„მობილობის ევროპული კვირეული“, ტრადიციულად, ყოველი წლის 16 სექტემბერს იწყება და სრულდება 22 სექტემბერს, როდესაც აღინიშნება საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე. ღონისძიებაში მსოფლიოს ის ქვეყნები მონაწილეობენ, რომელთა სატრანსპორტო პოლიტიკა ეკომეგობრული, მობილობის სტაბილური განვითარებისკენაა მიმართული.
თბილისი კვირეულს წელს უკვე მეოთხედ უერთდება.