კესარია აბრამიძის მკვლელობა: პროკურატურა უვადო პატიმრობას მოითხოვს

ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. 37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული, განუცხადა საქმის პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალისტებს.
კესარია აბრამიძის ცხედარი, რომელმაც 2014 წელს საჯაროდ განაცხადა სქესის შეცვლის შესახებ, თავის სახლში 18 სექტემბერს საღამოს აღმოაჩინეს. ტრანსგენდერ ქალს სხეულზე 28 ჭრილობა აღენიშნებოდა. პოლიციამ გენდერის ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი 26 წლის მეგობარი მამაკაცი, ბექა ჯაიანი დააკავა.
ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და ტაქსის მძღოლის ჩვენების მიხედვით, აფხაზეთში გადასვლას აპირებდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ 20 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
პატიმრობის შეფარდება სხდომაზე ბრალდების მხარემ მოითხოვა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდების მხარის მიერ დასაბუთებული იქნა პატიმრობის გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი”, - განაცხადა პროკურორმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულ გამოძიებასა და მოპოვებულ მტკიცებულებებს, პროკურორის თქმით, გამოძიებას ამ ეტაპზე გამოკითხული ჰყავს ათეულობით მოწმე, ჩატარებული აქვს ათეულობით საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგად მიღებულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის, ამოღებულია ვიდეო ჩანაწერები, ჩატარებულია ექსპერტიზები და ამოღებულია ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელშიც, შესაძლოა, ინახებოდეს საქმისათვის გარკვეული მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ფაქტორები.
გრიგოლ ნიშნიანიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქმის გამოძიება გრძელდება.
„საგამოძიებო ორგანოს ჩასატარებელი აქვს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, შესამოწმებელია ყველა ის ვერსია, რაც მოცემულ სისხლის საქმესთან დაკავშირებით იქნა გაჟღერებული. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებებით სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ განაჩენს და საკადრის პასუხს გასცემს კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას და უვადოდ თავისუფლების აღკვეთას განუსაზღვრავს ბრალდებულს”, - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტოსურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში.
„განზრახვას ადასტურებს ასევე ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც გამოკითხვის ოქმშია და მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების აუდიო-ვიდეო ამსახველი ჩანაწერი, სადაც ის აღიარებს და ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სურდა, სიცოცხლე მოესპო მისთვის“, - განაცხადა პროკურორმა.
გარდა ამისა, პროკურორის თქმით, მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, არ აძლევდა მას პირადი ცხოვრებით სარგებლობის და სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი.
„თავად კი მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო“, - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია.
„დუმილის უფლებას ვიყენებთ ამ მოცემულ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაცვის მხარე საქმის გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს”, - განაცხადა ადვოკატმა.
წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
საქმის დეტალები
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბექა ჯაიამა „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა.
ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბექა ჯაიანი სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბექა ჯაიანთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.