აჭარაში, სამტრედიასა და ჩოხატაურში არჩევნებზე არასტანდარტული ბიულეტენები იქნება

არჩევნები ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აჭარის ავტონომიურ ოლქში და ჩოხატაურის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში საპარლამენტო არჩევნებზე არასტანდარტული ბიულეტენები იქნება გამოყენებული, შესაბამისი დადგენილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება, პარალელურად აჭარაში ავტონომიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აირჩევენ, ხოლო ჩოხატაურსა და სამტრედიაში საოლქო წარმომადგენლობითი ორგანოების (საკრებულოს) შუალედური არჩევნები გაიმართება.
ცესკოს დადგენილებით, იმ ოლქებისთვის, სადაც პარალელური არჩევნები გაიმართება, სპეციალური ბიულეტენები დაიბეჭდება.
ბიულეტენში ორი სვეტი იქნება: პირველში იქნება მითითებული საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები, მეორეში - აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩევნებში მონაწილე პარტიები ან სამტრედიის და ჩოხატაურის ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები.
ამომრჩეველი ერთი ბიულეტენის შევსებისას ხმას მისცემს ორივე არჩევნებზე - გააფერადებს წრეებს მის მიერ არჩეული პარტიების, ანდა პარტიის და კანდიდატის გასწვრივ.
პარალელურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის ამომრჩევლები, რომლებიც მათი ჩატარების ოლქებში არიან რეგისტრირებული.
იგივე ამომრჩევლები, რომლებსაც პარალელურ არჩევნებზე ხმის მიცემის უფლება არ აქვთ, მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებში და გააფერადებენ წრეს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიის გასწვრივ და მეორე სვეტს შეუვსებელს დატოვებენ.
არჩევნები ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება.
წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახალ ბიულეტენებში წრე უნდა გაფერადდეს, და არა მოინიშნოს, ის უნდა განთავსდეს საქაღალდეში და არა კონვერტში და შემდეგ უკვე საარჩევნო ყუთში - ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.