შეტაკება ოპოზიციონერებსა და დევნილებს შორის - ინციდენტის ვერსიები

პოლიციას დაპირისპირებული მხარეების გაშველება მოუწია
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ზუგდიდში ოპოზიციონერებს, მათ შორის დეპუტატ ანა წითლიძესა და იძულებით გადაადგილებულ პირებს შორის შეტაკების მიზეზებთან დაკავშირებით მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.
ინციდენტი ბარამიას ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებულ პირთა მჭიდრო დასახლებაში წინა დღეს, ყოფილი მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ოპოზიციური კოალიცია „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის დროს მოხდა. პოლიციას დაპირისპირებული ადამიანების გამოყოფა მოუწია.
როგორც წითლიძე ამტკიცებს, პირთა ჯგუფი, მათ შორის „ქართული ოცნების“ აქტივისტები, თავს დაესხნენ „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის წევრებს, როცა ისინი ბუკლეტებს არიგებდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდნენ.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდა თეონა ქარდავა, რომელიც, წითლიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
დეპუტატის თქმით, კონფლიქტის ზოგიერთი მონაწილე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო.
„პოლიციელები უძლური აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ჩვენ თავს ასამდე ადამიანი სწორედ პოლიციელების თვალწინ დაგვესხა და ფიზიკურად გაგვისწორდნენ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ამ თავდასხმებით ვერ შეგვაშინებთ!“, - განაცხადა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ოპოზიციონერებს დააკისრა. მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ადგილობრივებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ზუგდიდის მერმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მომხდარის შესწავლისკენ მოუწოდა.
„ისინი (ოპოზიცია - რედ.) მშვიდ წინასაარჩევნო გარემოში ძალადობის შეტანას ცდილობენ... ის, რაც ენმ-მა ზუგდიდში ჩაიდინა, არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი. მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას, შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას", - განაცხადა წოწერიამ.
მომხდარი უნდა განიხილებოდეს არა როგორც ძალადობის ერთი კონკრეტული ფაქტი, არამედ როგორც „ნაცმოძრაობის“ და ზოგადად „რადიკალური ოპოზიციის“ დამოკიდებულება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ იყო აგრესორი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა კი - ოპოზიციაში.
როცა წინასაარჩევნო შეხვედრების დროს ამომრჩეველზე ხელს აწევ, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, რომ ამომრჩეველი უბნებზე ღირსეულ პასუხს გაგცემს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციონერებმა იციან, რომ აგებენ არჩევნებს, პანიკაში არიან და თავის ნამდვილ სახეს აჩვენებენ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.