წყნეთის გზატკეცილზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება

20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობის სქემა დროებით იცვლება, იუწყება თბილისის მერია.
ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენების დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების შეუფერხებლად საწარმოებლად, 20 სექტემბრის 20:00 საათიდან წყნეთის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, აღნიშნავენ უწყებაში.
კერძოდ, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდიდან ვაკის სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება უჩანეიშვილის ქუჩის გამოყენებით.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.