თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. სასამართლო პროცესზე ფრიდონ ბუბუტეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მან გაზაფხულზე „გამჭვირვალობის კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის ეზოს ჭიშკარი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი ვაშაძის დავალებით დააზიანა, პოლიტიკურ წრეებსა და მედიაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ 20 წლის ბუბუტეიშვილმა, გამოცემა Public-ის ცნობით, სასამართლოში განაცხადა, რომ დაკავების შემთხვევაში ვაშაძე მას გათავისუფლებას დაპირდა, მაგრამ ხუთი თვე გავიდა და არავინ არაფერს აკეთებს ამისათვის. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბუბუტეიშვილმა პარლამენტის ეზოს ჭიშკარი დააზიანა და მეხანძრე-მაშველს ქვაც ესროლა.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ამის შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ ხოლმე აქციიდან და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ პირისპირ სამართალდამცველებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მან ახალგაზრდებს მოუწოდა, არ დაუჯერონ რადიკალ პოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველას იყენებენ.
ოპოზიციონერები, მათ შორის ვაშაძე, ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენ და მხოლოდ ამის შემდეგ აქტიურად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა.
„მოვუწოდებ ყველა მშობელს, რომ იყვნენ ძალიან ყურადღებით იქიდან გამომდინარე, რომ არ მისცენ ამ რადიკალურ ჯგუფებს ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის თავისი შვილების ასე ბინძურად გამოყენების საშუალება“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მმართველი პარტიის სხვა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ სინანულით აღნიშნა, რომ ფრიდონ ბუბუტეიშვილი „კოლექტიური ნაცმოძრაობის მავნებლური პროპაგანდის“ მსხვერპლია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის მოქმედებენ და ახალგაზრდებს იყენებენ საზარბაზნე ხორცად. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს იყო ხელის კვრა ადამიანისთვის და მისი შეგონება, შეგულიანება, სინამდვილეში, მიტოვება და ღალატი“, - განაცხადა ოდიშარიამ.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“, ევროპულ საქართველოს“, „ფედერალისტებს“, „ლელოს“, „რესპუბლიკურ პარტიას“ და სხვებს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს მართავდა და ახორციელებდა ოპოზიცია და ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაცია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„ამას ისეც ვხედავდით პირდაპირ ეთერში, თუ როგორ მოუწოდებდა სხვადასხვა პირი და როგორ ხელმძღვანელობდნენ მთლიანად პროცესს. მოუწოდებდნენ პარლამენტის პიკეტირებისკენ, მათ შორის, გიორგი ვაშაძე... რა თქმა უნდა, მან იცოდა, რომ ამას მოჰყვებოდა პოლიციის მხრიდან რეაგირება და ეს იყო პირდაპირ წაქეზება პოლიციასთან დაჯახებისკენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში რეზონანსული კანონპროექტის ინიციირების შემდეგ, 15 აპრილიდან თითქმის თვენახევრის განმავლობაში იმართებოდა. ქუჩის პროტესტი დასრულდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მაისის ბოლოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
გიორგი ვაშაძეს გამოექომაგა მისი თანამებრძოლი კოალიციიდან „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ თამარ კორძაია.
„ვფიქრობ, რომ ეს აღიარება, ამდენი ხნის შემდეგ, ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ძალადობას. ძალიან მძიმეა ამ ბუბუტეიშვილის მდგომარეობა“, - აცხადებს თამარ კორძაია.
ისეთ აქციებს როგორიც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ იმართებოდა, პოლიტიკოსები უნდა ეგდნენ სათავეში, განაცხადა პარლამენტის წევრმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ქმედებებზე და დადგნენ წინა რიგებში და არა ისე, რომ აქტივისტები წინ მიდიან, ესენი კი სადღაც რესტორნიდან იყურებიან და ჭამენ. და თუ ვინმე უნდა დაიჭირონ, პირველ რიგში - პოლიტიკოსები, განაცხადა რაქვიაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართებოდა, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 210 ადამიანი დააკავეს, აქედან რვა პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება შსს-ს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე. ამ დროისთვის სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროტესტის მონაწილეთა უფლებების დარღვევის 138 შესაძლო ფაქტს სწავლობს.
დაკავებისას სცემეს პარლამენტის წევრები - იმ დროს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი, ასევე აქტივისტი დავით ქაცარავა. ხაბეიშვილს და ქაცარავას ოპერაციები ჩაუტარდა.
არეულობის დროს ასევე დაშავდა ათი ძალოვანი, რომელთაგან ერთს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.