ქართული პროდუქცია საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩნდა

Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საუდის არაბეთში გამართულ სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Foodex Saudi საქართველოს სტენდი იყო წარმოდგენილი, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ქალაქ რიადში დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ათმა ქართულმა კომპანიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გააცნო.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: აგროქიზიყის, აქუა გეოს, Georgian Hazelnut corporation, აჩინებულის, კულას, აგროლაინის, აგრითაჩის, გეოფარმსის და არომა პროდაქთსის წარმოების კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.
„სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ათი ქართული კომპანია იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო გამოფენებზე ქართული პროდუქციის წარდგენა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პოპულარიზაციის მასშტაბების და, შესაბამისად, საექსპორტო პოტენციალის ზრდას”, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ფანცულაიამ, რომელიც გამოფენის გახსნას დაესწრო.
Foodex Saudi საუდის არაბეთის სამეფოში ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს, გამოფენა მეთერთმეტედ ჩატარდა და მასში 50-მდე ქვეყანამ და 500-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს, წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.