თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ჭიათურაში „შუქრუთის“ და „კოროხნალის“ მანგანუმმომპოვებელ შახტებზე მუშაობის შეჩერებამ მმართველ კომპანიას დიდი ზარალი მოუტანა, განუცხადა მედიაპლატფორმა BMG-ს Chiatura Management Company-ს ხელმძღვანელობამ.
„შუქრუთის“ და „კოროხნალის“ შახტებზე მუშაობა პარალიზებულია. მეშახტეები და სოფლის მკვიდრნი უკვე 191-ე დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ორი შახტის შესასვლელი და მოითხოვენ, რომ კომპანიამ შეასრულოს 2019-2021 წლების საპროტესტო აქციის შედეგად მიღწეული შეთანხმებები და გადაიხადოს კომპენსაცია. მე-20 დღეა რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ხუთს კი პირი აქვს ამოკერილი.
„მას შემდეგ, რაც რადიკალურმა ჯგუფებმა გააჩერეს კოროხნალის და შუქრუთის მაღაროები და დაარღვიეს მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები, მომპოვებელი საწარმოების მდგომარეობა გაუარესდა. ყოველთვიურად კომპანიის ხარჯი საშუალოდ 15 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც სახელფასო ფონდი 9 მილიონი ლარია, შემოსავალი კი სულ რაღაც 4,5 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნეს კომპანიაში.
Chiatura Management Company-ს ომფორმაციით, ამ პირობებში კომპანიაში არ იციან, რამდენ ხანს შეძლებენ ხელფასების გადახდას.
„მას შემდეგ, რაც ჭიათურის საწარმოების 60% გაჩერებულია, ვერ ვახერხებთ ჩვენი კონტრაქტორი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციით მომარაგებას და ქარხანა მთლიანად იმპორტულ მადანზეა დამოკიდებული. ამ პირობებში კი შეუძლებელი გახდება ჭიათურის საწარმოები დაუბრუნდეს რენტაბელურ მდგომარეობას", - განაცხადეს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიის“ ხელმძღვანელობაში.
ამის პარალელურად, კომპანია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ" აქციის ორგანიზატორებისთვის გადახდილი თანხების ინვოისები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ კომპანიამ დაზარალებულების ნაწილს ზარალი აუნაზღაურა, ხოლო ნაწილი, მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად, თავის რიგს ელოდება.