ოპოზიციის გზა ევროპისკენ ომზე გადის - პაპუაშვილი

ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას, იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ
Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ომის გზასთან გააიგივეს, ქვეყნის ხელისუფლება კი ამბობს, რომ საქართველო მშვიდობით უნდა მივიდეს ევროპასთან, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პარლამენტის წინ ითხოვდნენ უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას, იარაღის მიწოდებას და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
„ვისი სახელით, ვის დროშას აფრიალებდნენ ამ დროს? ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ და ითხოვდნენ ომს. აი, ეს არის პარადოქსი, რომ ევროკავშირი გააიგივეს ომის გზასთან. ჩვენ ამას ვამბობთ ზუსტად, რომ მშვიდობით უნდა მივიდეთ ევროპასთან!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ოპოზიცია მრავალი თვის განმავლობაში ადანაშაულებდა ხელისუფლებას, თითქოს ის რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდა, მაგრამ ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინატორებმა სანქციების საკითხებში 2023 წლის ივნისში საქართველოში ვიზიტის შემდეგ დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაო.
უკრაინაში კონფლიქტის დაწყებისთანავე საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს, რადგანაც ამით მხოლოდ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უწევს.
გლობალური ომის პარტია
უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერების ლექსიკაში ტერმინი „გლობალური ომის პარტია“ გაჩნდა. მათი მტკიცებით, „გლობალური ომის პარტიას“ შეადგენენ უცხოეთში წონადი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას და რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას.
ამასთან, „გლობალური ომის პარტიას“ აქვს გადამწყვეტი გავლენა ნატოს ქვეყნებსა და ევროკავშირზე და საქართველო და უკრაინა მისთვის საზარბაზნე ხორცია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ და დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
თავის მხრივ, კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-საც ასევე სჭირდება დეოლიგარქიზაცია. მან იმედი გამოთქვა, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა და საქართველოზე ზეწოლა შემცირდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქართველი ხალხის თვალში დასავლელი პარტნიორების - ევროპული და ამერიკული ინსტიტუტების - პოზიტიური იმიჯი შეენარჩუნებინა, რომელიც ევროპარლამენტის ცალკეულმა წევრებმა, სენატორებმა, კონგრესმენებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა შეარყიეს.
„ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალური ომის პარტიად“ მოიხსენიებენ. მათ ასევე უწოდებენ „რადიკალურ ოპოზიციას". ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ შეარყიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანა ომში ჩაითრიონ.