რატომ აკრიტიკებენ ხელისუფლებას ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვის სურვილის გამო? დეპუტატის პასუხი

17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კრიტიკოსებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სურთ საქართველოში ისეთი ხელისუფლების ხილვა, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხელს შეუწყობს ლგბტ-პროპაგანდას ბავშვებს შორის და უგულებელყოფს ტრადიციებს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
ევროპის დიპმისიის ნაწილმა საქართველოს ხელისუფლება „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების გამო გააკრიტიკა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ხელისუფლებას რეზონანსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ეს კანონი საქართველს ევროინტეგრაციის გზას უფრო აშორებს.
„ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ არა მხოლოდ გამჭვირვალობა იყო მათთვის პრობლემა იმიტომ, რომ საქართველოში მათ უნდათ ის ხელისუფლება, რომელიც, მათ შორის, ლგბტ-პროპაგანდას გააღვივებს ბავშვებში, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ბავშვობიდან, ქალი თუ კაცია, რომ საქართველოში ტრადიციები იყოს უგულებელყოფილი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამას ხედავს არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული საზოგადოება, მათ შორის, ამერიკის ჯანსაღი საზოგადოება და არ ეთანხმება ამას, დასძინა დეპუტატმა.
17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა კანონის პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ მესამე მოსმენით დაამტკიცა - საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.
ახალი კანონის პროექტის თანახმად, იკრძალება ერთსქესიანთა ქორწინება და სქესის შეცვლა, ჰეტეროსექსუალი ადამიანების მიერ შვილად აყვანა, ლგბტ-პროპაგანდა და პოპულარიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მედიაში, ლგბტ-პოპულარიზაციის მიზნით მანიფესტაციების ჩატარება და ა.შ.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის ძალაში შესვლისთვის, კანონპროექტების პაკეტის სახით მიღება საკმარისი არ არის.
კონსტიტუციური კანონი, ისევე როგორც ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები, მიიღება დეპუტატების 3/4-ის მხარდაჭერით, ანუ პარლამენტის არანაკლებ 113 წევრით. შესაბამისად, ამ კანონის მიღება მოქმედ პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია.