პრემიერი: ბიზნესი საქართველოში ზეწოლისგან თავისუფალია

2012 წლამდე ბიზნესზე იმ დონის ძლიერი ზეწოლა იყო, რომ მეწარმეები იძულებული ხდებოდნენ საკუთარი ქონება სახელმწიფოსა და სხვა კერძო პირებზე გადაეფორმებინათ.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. დღეს საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, ხელისუფლება მასზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს-ასოციაციის კონფერენციაზე „როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“ სიტყვით გამოსვლისას.
Doing Business-2020-ის ბოლო რეიტინგში, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივის ხარისხს აფასებს, საქართველო 190 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზეა. ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის.
„დღეს ბიზნესი თავისუფალია. ბიზნესზე არავითარი ზეწოლა არ ხდება, პირიქით, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2012 წლამდე, ანუ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ბიზნესზე იმ დონის ძლიერი ზეწოლა იყო, რომ მეწარმეები იძულებული ხდებოდნენ საკუთარი ქონება სახელმწიფოს და სხვა კერძო პირებზე გადაეფორმებინათ.
„ყველას ახსოვს ბიზნესის თავისუფლების მდგომარეობა 2012 წლამდე, როგორი ძლიერი ზეწოლა იყო ბიზნესზე, ბიზნესმენების წინააღმდეგ პირდაპირი ტერორი მიდიოდა. იყო ათასობით შემთხვევა იმის, ბიზნესმენებს თუ როგორ უწევდათ საკუთარი ქონების გადაფორმება სახელმწიფოს სახელზე. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ მათ საკუთარი ქონების სხვა პირებზე გადაფორმებასაც აიძულებდნენ", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, მაშინ 10 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ბიზნესმენებმა საკუთარი ქონება სახელმწიფოს გადასცეს.
„2012 წლის შემდეგ ასეთი ფაქტი არ მომხდარა. ეს ნიშნავს, რომ ან დასრულდა ზეწოლა და ტერორი ბიზნესზე, ან ჩვენი ბიზნესმენები აღარ არიან ისეთი გულკეთილები, როგორც 2012 წლამდე“, - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობა ეხმარება მეწარმეებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში", სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მხარდაჭერით.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.