თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების მიმართ აშშ-ის სანქციების აღსრულების საკითხი არ ეხება ფინანსთა სამინისტროს, არამედ ეხება მხოლოდ კომერციულ ბანკებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.
16 სექტემბერს აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„ეს საკითხი (სანქციები - რედ.) ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში", - განაცხადა კაკაურიძემ.
მან ასევე მოიშველია საქართველოს ბანკების ასოციაციის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დადასტურებულია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მკაცრი დაცვა კომერციული ბანკების მიერ.
„მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კომერციულ ბანკებთან მიმართებაში მართვის არანაირი ბერკეტი არ აქვს.
„კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ გვაქვს და ეს საქმიანობა ჩვენი პროფილი არ არის", - განაცხადა კაკაურიძემ.
საქართველოს ბანკების ასოციაციაში განაცხადეს რომ საბანკო სისტემა არის საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი და „სტაბილურად ემორჩილება და შეასრულებს აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებს და იღებს გადაწყვეტილებებს ამის შესაბამისად“.
2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დანერგვის პროცედურა საქართველოს მოქალაქეების ჩარევის შემთხვევაში. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ცვლილების მიზანი იყო საერთაშორისო სანქციების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
ვის შეეხო სანქციები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.