თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და ის ახორციელებს ჩვენს პოლიტიკას და სხვა არავინ, ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრე-სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მონისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტმა მილერს კითხვა დაუსვა საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადების შესახებ, სადაც კობახიძე ამბობს, რომ „სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე".
„ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა“, - განაცხადა მილერმა.
გუშინ, პრემიერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრა გამართა და შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების გამო. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „სანქციების შესახებ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს“.
16 სექტემბერს აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
როგორც მილერმა განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნებს შორის თანამშერომლობის გადახედვის შედეგია საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან აშშ-ის არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველო vs დასავლეთი
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.