თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. 18 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთში გადამუშავებულია 146 ათასი ტონა ყურძენი, აქედან 60 ათას ტონამდე „რქაწითელი", 68,5 ათას ტონამდე „საფერავია", ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გადამუშავებული „საფერავის" რაოდენობა ორჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამ ეტაპისთვის მოსავალი 12 ათასზე მეტმა მევენახე-ფერმერმა დააბინავა. ყურძნის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 197 მლნ ლარი შეადგინა.
ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავება 80-მდე კომპანიასა და მარანში მიმდინარეობს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 500-მდე ღვინის საწარმო, აქედან 254 უკვე იყო ჩართული რთველის პროცესში.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.
ჭარბი მოსავლის პირობებში საფერავის დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს, ხოლო მევენახეებს, რომლებსაც 13 სექტემბრამდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
ამასთან ერთად, მევენახე-ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარს უხდის.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.