პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ ახალი ეტაპი დღეიდან დაიწყო

პროგრამა ხუთი წელია ხორციელდება და მის ფარგლებში, ჯამში, 10 ათასამდე მოქალაქე გადამზადდა
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. დედაქალაქის მერიამ პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ახალი ეტაპი დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით გამოაცხადა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით მათი დასაქმების ხელშეწყობას.
„პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ითვალისწინებს 18 წლის და უფროსი ასაკის თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში, ასევე, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, მათი დასაქმების ხელშეწყობას. მოქალაქეებისთვის აღნიშნულ კურსებზე სწავლა უფასოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 60-მდე სპეციალობაში - მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროში.
კურსების ხანგრძლივობა 1-დან 7 თვემდეა და სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობებს, ონლაინ და ადგილზე დასწრებით. ყველა სტუდენტი, ვინც კურსს დაასრულებს, სერტიფიკატს მიიღებს.
„წელს პროგრამას დაემატება 11 ახალი მიმართულება, მათ შორის მზის ფოტოელექტრული და თერმული სისტემების მონტაჟის შესწავლა, პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი, სამშენებლო სამართალი, სახელმწიფო შესყიდვები, ფიტნეს-ინსტრუქტორის, ჭაბურღილის ბურღვის შესწავლა, ვიდეო-მონტაჟი, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტები, ექსელი, საინჟინრო კომპიუტერულ გრაფიკულ პროგრამებში მუშაობა - ArcGiz და ArcCad, ტიხრული მინანქარი", - განაცხადა კალაძემ.
პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი" 2018 წელს ამოქმედდა, ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 10 ათასამდე ადამიანი, საიდანაც 70% დასაქმდა.