შეეხება თუ არა საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს აშშ-ის სანქციები? სებ-ის განმარტება

როგორც უწყებაში განაცხადეს, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით და საქართველო არ იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებს ფინანსური სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეხებათ, თუ მათთან მიმართებით დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქეებზე ფინანსური სანქციების გავრცელების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ-მა საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
როგორც უწყებაში აღნიშნეს, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით განისაზღვრა საერთაშორისო საფინანსო სანქციების შესრულებასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხები.
„კერძოდ, აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი", - ნათქვამია განცხადებაში.
რეგულატორის მონაცემებით, ეროვნული ბანკი სისტემატურ ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორის ცალკეული მონაწილის მხრიდან როგორც საერთაშორისო სანქციების აღსრულების, ისე საკუთარი რეგულაციების და ეროვნული კანონმდებლობის შესრულების პროცესს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, ქართული საფინანსო სექტორი მოქმედებს სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით და საქართველო არ იქცევა სანქციების თავის არიდების ადგილად.
ვის შეეხო სანქციები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.