ელჩი: საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ქვეყნის დასავლეთისგან იზოლირებას ახდენს

დანიგანის თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს არ ემსახურება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები და საქართველოს ხელისუფლების ბოლო ქმედებები ქვეყანას დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-სგან აშორებს და არ შედის ქართველი ხალხის ინტერესებში, განაცხადა საქართველოში ამერიკის ელჩმა რობინ დანიგანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების გამო და მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციის შესაძლო გადახედვის თაობაზე განაცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა დანიგანმა ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს არ ემსახურება.
„ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს“, - განაცხადა დანიგანმა.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხზე კომენტარისას, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მომდინარეობს „სახელმწიფო დეპარტამენტზე ზეგავლენის მქონე ოლიგარქიული ძალებისგან“.
„ჩვენი გვაქვს ვარაუდი თუ ვისი გავლენის შედეგია ეს განცხადებები. ფაქტია, რომ ისინი ფორმალურად სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა, რაც სამწუხაროა, რადგანაც ჩვენ გვიწევს სახდეპარტამენტზე პასუხის გაცემა. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ აქ დამნაშავე არა სახელმწიფო დეპარტამენტია, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ გავლენა აშშ-ს ოფიციალურ ინსტიტუტებზე. შესაბამისად, ჩვენ ვადანაშაულებთ არა აშშ-ს, არამედ ოლიგარქიულ გავლენებს, რომლის მსხვერპლიც გახდა სამართლიანობა კონკრეტულ ინსტიტუტში“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსაც დაუკავშირა.
„ჩვენ გვესმის, რომ ეს წინასაარჩევნო პერიოდია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია. ასეთ პირობებში ჩვენ შეიძლება დავინახოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა“, - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიციის მხარდაჭერას, რასაც მისი თქმით, უკუეფექტი ექნება.
აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც 2021-2023 წლებში ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
გარდა ამისა, აშშ დამატებით ზომებს იღებს საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღების თაობაზე. ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.