British Airways თბილისს ლონდონთან პირდაპირი რეისით დააკავშირებს

რეისები ჰითროუს აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით შესრულდება
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways 2025 წლის 30 მარტიდან ლონდონი-თბილისის მინართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების შესრულებას დაიწყებს, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
პირდაპირი რეისების დაწყების შესახებ დოკუმენტს ხელი ლონდონში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და BRITISH AIRWAYS-ის ავიაქსელის სტრატეგიული დაგეგმარების ოფიცერმა ნილ ჩერნოფმა მოაწერეს. საქართველოში ოპერირების თაობაზე გაერთიანებამ ბრიტანულ ავიაგადამზიდთან ინტენსიური მოლაპარაკებები გამართა.
„მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ბრიტანეთის ფლაგმანის საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნება და ლონდონი-თბილისის ერთმანეთთან პირდაპირი ფრენით დაკავშირება, რაც უმნიშვნელოვანესია ორი ქვეყნის ურთიერთობაში“, -განაცხადა ქარქაშაძემ.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ‘American Airlines-თან მჭიდრო პარტნიორობა საშუალებას იძლევა ‘British Airways-ის მგზავრებმა ისარგებლონ ტრანზიტული ფრენებით, ლონდონის გავლით, შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით.
ლონდონი-თბილისი-ლონდონის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში 4 სიხშირით შესრულდება ლონდონის ჰითროუს აეროპორტიდან, რომელიც, როგორც ქარქაშაძემ აღნიშნა, ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ითვლება.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე www.ba.com
British Airways რეისებს 190 მიმართულებით 65 ქვეყანაში ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონის ჰითროუს აეროპორტში მდებარეობს.
ამჟამად საქართველოში 60-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც 100-ზე მეტ რეგულარულ რეისს ასრულებს 30-ზე მეტ ქვეყანაში. მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოს 3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა რეკორდულ დონეს 1,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.