„აწარმოე საქართველოში“: მეწარმეებს სესხის პროცენტი სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდებათ

მხარდაჭერის ახალი პროგრამის მიზანი მიკრო მეწარმეობის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა აამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ადგილობრივი წარმოების განვითარება და წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ყველა სახელმწიფო პროგრამა, მიმართული ბიზნეს-სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისკენ.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს მიკრო მეწარმეობის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სამეწარმეო პოტენციალის ზრდას. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500 ათას ლარს.
სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 ათას ლარამდე თანადაფინანსებით და სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია.
მხარდაჭერის პერიოდი მაქსიმუმ ხუთი წელია, სესხის ოდენობა კი 20 ათასიდან 50 ათას ლარამდე.
„მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი დაეხმარება ნებისმიერ მსურველს, განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი ან დაიწყოს ახალი საქმიანობა“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას მიიღებენ:
ახალი მეწარმეები (შემოსავალი არ აღემატება 30 ათას ლარს, ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია 1 წელზე ნაკლები დრო);
ქალი მეწარმეები;
მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები.
პროგრამის ყველა სხვა მონაწილე შეძლებს აიღოს სესხი ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8,5%-ში.
პროგრამაში ჩასართავად მეწარმეებმა უნდა მიმართონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს ან დარეკონ ნომერზე 15-25. სერვისების მიღება მთელი საქართველოს მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" პროგრამები მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, მიმართულია თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
სააგენტოს ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ყოველწლიურად ორასამდე ქართული კომპანია მონაწილეობს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენებში საკვებისა და სასმლის, ტყავის პროდუქციის, ტანსაცმლის/საბავშვო ტანსაცმლის, სათამაშოების, შესაფუთი მასალებისა და ცხოველთა საკვების მიმართულებით.