მთავრობამ პარლამენტის ყოფილი შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

ტენდერში მონაწილეობისთვის კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 12-17 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ ქუთაისში ყოფილი პარლამენტის შენობის რეაბილიტაციისთვის 21 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, იუწყება მედიაპლატფორმა BM.ge.
როგორც ცნობილია მთავრობა ყოფილი პარლამენტის შენობის ადგილზე ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ჯერ შენობის ტექნიკურად გამართვაა აუცილებელი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდეს შენობის ელექტროგაყვანილობის სისტემას, გათბობა-გაგრილების, კონდიცირების და სხვა შიდა კომუნიკაციების, მათ შორის ინტერნეტ-კომუნიკაციის სისტემებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 20.980,777 ლარს შეადგენს.
ტენდერი შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ" გამოაცხადა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა. ტენდერში კომპანიებს საკუთარი წინადადებების წარდგენა 12-17 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ.
ქუთაისის პარლამენტის შენობაში სხდომები 2012-2016 წლებში იმართებოდა, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი სრულიად უფუნქციო გახდა.
2023 წლის ივნისში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის პროექტი დააანონსა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც.
პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი, სადაც მთავრობა მის შესახებ კიდევ ერთხელ გამოაცხადებს.
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად 2009 წლის 24 სექტემბერს გამოცხადდა და კონსტიტუციის 48-ე მუხლში შესაბამისი ცვლილებაც შევიდა. პარლამენტის ახალი შენობის მშენებლობისთვის 133.700,000 ლარი დაიხარჯა. შენობა კი ესპანური კომპანიის CMD Ingenieros პროექტით აშენდა.
პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ამოქმედდა ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დააყენეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ - ყოფილი პარლამენტის შენობა უფუნქციოდ მას შემდეგ დარჩა, რაც 2018 წელს „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ პარლამენტი ქუთაისიდან კვლავ თბილისში დააბრუნა.