სანქციები საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ: პრემიერი აშშ-ის ელჩს შეხვდა

აშშ-მ თავისი გადაწყვეტილებით კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ამერიკული სანქციების დაწესების გამო და მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიციის შესაძლო გადახედვის თაობაზე განაცხადა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე აღინიშნა, რომ აშშ-მ თავისი გადაწყვეტილებით კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.
„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ ოპოზიციის მხარდაჭერას, რაც არ იმუშავებს.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა, ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, აშშ-ის სახდეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკუშედეგი ექნება.
„როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, რომლებმაც „საქართველოში შეარყიეს ძირითადი თავისუფლებები, მათ შორის გამოხატვის თავისუფლება“. აშშ-მ ხარაზიშვილი და ლაგაზაური დაადანაშაულა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ გამართული მშვიდობიანი აქციების მონაწილე ახალგაზრდა აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების სასტიკი დარბევის კურირებაში.
სანქციების ქვეშ მოხვდნენ მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერები კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე, რომლებიც 2021-2023 წლებში ეწინააღმდეგებოდნენ უმცირესობების აქციების ჩატარებას, მათ დაარწმუნეს ასობით მხარდამჭერი შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში და ასევე თავს დაესხნენ ჟურნალისტებსა და პოლიციელებს.
აშშ-ის გადაწყვეტილებით, ზემოთ აღნიშნული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც აშშ-ში ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლს ქვეშაა, დაბლოკილია. გარდა ამისა, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ეწევიან გარკვეულ ტრანზაქციას ან საქმიანობას სანქცირებულ სუბიექტებთან და ფიზიკურ პირებთან, შეიძლება დაექვემდებარონ სანქციებს ან დაექვემდებარონ სააღსრულებო მოქმედებას.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები, ბლინკენის თქმით, ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.