თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ის გადაწყვეტილება საქართველოს შსს-ს თანამდებობის პირებისა და მედიაპლატდორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ასევე საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ განზრახვა - ქვეყნებს შორის თანამშერომლობის გადახედვის შედეგია, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა მეთიუ მილერმა.
გუშინ, აშშ-მ საქართველოს ოთხი მოქალაქის - შსს-ის თანამდებობის პირებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამასთან, სახდეპარტამენტში განაცხადეს, რომ უწყება ასევე იღებს დამატებით ზომებს 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
„აღნიშნული ქმედებები არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა მილერმა.
მისი თქმით, აშშ კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ნორმებს არ შეესაბამება.
„ე.წ. „უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ მიღების გარდა, ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ მიმართავდა ძალადობას საქართველოს მთავრობა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნულ კანონს აპროტესტებდნენ", - განაცხადა მლერმა.
საქართველოს მთავრობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაწვევითა და გაუქმებით და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების რეკომენდაციების შესრულებისას მნიშვნელოვანი პროგრესის ჩვენებით, შეუძლია თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას დაუბრუნდეს, აღნიშნა მან.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს“, - განაცხადა მილერმა.
ამასთან, „ქართულ ოცნებაში" განაცხადეს, რომ სანქციები საქართველოს ზიანს ვეღარ მოუტანს.
16 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები შემოიღო შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილზე (მეტსახელად „ხარება“), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურზე, ასევე კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეზე. საუბარია აშშ-ის ტერიტორიაზე არსებული ქონებისა და ორგანიზაციების ბლოკირებაზე.
რაც შეეხება საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქის წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, ამ პირებს შორის არიან სამთავრობო და მუნიციპალური ოფიციალური პირები, რომლებმაც ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში.
სავიზო შეზღუდვები, ბლინკენის თქმით, ასევე შეეხება საწარმოების ხელმძღვანელებს, „რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში".
არადემოკრატიული კანონმდებლობის ხელშეწყობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში მნიშვნელოვანი როლის გამო, სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს საქართველოს პარლამენტის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების შემოღებას.
ასევე შეზღუდვები შეეხება პირებს, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და დასავლეთს ურთიერთობების დაძაბვის მიზეზი გახდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხო ძალაა“, რეესტრში დარეგისტრირებასა და ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს.
პარლამენტმა სკანდალური კანონი ქვეყანაში მასობრივი პროტესტისა და დასავლეთის მკაცრი კრიტიკის მიუხედავად მიიღო.
ივნისის დასაწყისში საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადო სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერა მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
გარდა ამისა, 9-11 ივლისს ვაშინგტონში გამართული ალიანსის სამიტის დეკლარაციაში არ იყო ჩანაწერი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, რაც პირველი პრეცედენტი გახდა 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
ხელისუფლებამ აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებებს უსამართლო უწოდა და გაიხსენა საქართველოს წვლილი საერთაშორისო მისიებში. გარდა ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნა კვლევის შედეგები იმ 474 არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიასაშუალების შესახებ ძირითადი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ გამჭვირვალობის კანონს.
როგორც გაირკვა, ორგანიზაციების 51%-ს საერთოდ არ აქვს ოფიციალური ვებგვერდი. ორგანიზაციების 97%-ს არ გამოუქვეყნებია წლიური ანგარიში, 89%-ს - მონაცემები მითითებულ პროექტებზე გრანტების შესახებ, 80%-ს - პროექტების/გრანტების ვადები, 70%-ს - მონაცემები გუნდის შესახებ, 68%-ს - განხორციელებული და მიმდინარე პროექტების სახელწოდებები, 62%-ს - დონორის სახელწოდება/ლოგო.