თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შესაძლო წინასაარჩევნო გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის პრეზიდენტის სასახლეში ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის" და მამუკა ხაზარაძის პარტიის გარშემო შექმნილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პირველი პირები მიიწვია.
ორშაბათს, საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის და პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ გახარიასთან პირადი პრობლემები არ აქვს და მათი პოლიტიკური ძალების ხედვები მეტწილად ემთხვევა. მისი თქმით, ახლა საკითხი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მოლაპარაკებები ამომრჩევლებისთვის მისაღები და შესაძლებელია თუ არა სინერგია.
„ახლა საჭიროა ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ - პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი", - განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, იგი მზადაა, როგორც ნეიტრალური მხარე, თავისი წვლილი შეიტანოს ორი პროევროპული ძალის გაერთიანების პროცესში.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე „ძლიერი საქართველო" და „საქართველოსთვის" შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს, რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში.
„საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალს, რათა მოლაპარაკებათა ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ უკვე გადადგა ნაბიჯი „ლელო საქართველოსკენ", თუმცა ეს უკანასკნელი ბოლო დრომდე არ იჩენდა ინტერესს.
უფრო მეტიც, ადრე ხაზარაძემ გახარიას არაერთხელ უწოდა „თვალთხარია“ იმის გამო, რომ 2019 წლის 21 ივნისს თბილისში გამართული ანტირუსული აქციის დარბევისას ორმა მომიტინგემ თვალი დაკარგა. მაშინ გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო.
თავის მხრივ, გახარიამ ხაზარაძეს თაღლითი უწოდა.
გიორგი გახარიამ, რომელმაც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ რიგები და საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა, 2021 წლის მაისში საკუთარი პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა.
2021 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ არჩევნებზე პარტიამ „საქართველოსთვის“ მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა დიდი სხვაობით წააგო მთავარ ოპონენტებთან - „ქართულ ოცნებასთან“ და ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
2019 წლის დეკემბერში ორმა ბანკირმა, ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული ბანკის ТВС Bank-ის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ბიზნეს-პარტნიორმა ბადრი ჯაფარიძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის" შექმნეს. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც 2008 წელს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტიამ „ლელო საქართველოსთვის" საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატის ადგილი მოიპოვა.
2021 წლის ნოემბერში ხაზარაძეს საკუთარი განცხადების საფუძველზე სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. ჯაფარიძე კი მანდატის გარეშე დარჩა 2022 წლის თებერვალში სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გამო, რომელმაც ჯაფარიძე და მისი თანამებრძოლი მამუკა ხაზარაძე 2008 წელს ფინანსურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.
2024 წლის ივლისში ოპოზიციურმა პარტიებმა „ლელო საქართველოსთვის“, „ხალხისთვის“ , მოქალაქეები" და „თავისუფლების მოედანი“ საპარლამენტო არჩევნებისთვის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღეს.
ვინაიდან არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ პარტიებს აქვთ, ყველა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი არჩევნებზე ერთიანი სიით მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით ხაზარაძის პარტიამ სახელი გადაირქვა - „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ ეწოდა და ცესკოში ამ სახელწოდებით გაიარა რეგისტრაცია.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება. ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია 27 აგვისტოს დაიწყო. 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება პირველი არჩევნები, რომელიც ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ პარტიებს შეუძლიათ, ბლოკებისა და კოალიციების რეგისტრაცია აკრძალულია.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალო პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.