თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. თემურ ქეცბაიამ კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, იუწყება „პირველი არხი" კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ გეორგიოს კუმასზე დაყრდნობით.
ქეცბაიამ კვიპროსის გუნდის მწვრთნელის პოსტი 2022 წლის ივნისში დაიკავა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ნაკრებმა 20-დან 5 მატჩი მოიგო, ორი შეხვედრა ფრედ დაასრულა და 13 წააგო.
„სამწუხაროდ, ამ თანამშრომლობით ვერც ბატონმა ქეცბაიამ და ვერც ფედერაციამ სასურველ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. ჩვენ გულწრფელ მადლობას ვუხდით ბატონ თემურს და ვუსურვებთ წარმატებებს როგორც პირად, ასევე პროფესიულ დონეზე“, – ნათქვამია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებაში.
ერთა ლიგაზე მიმდინარე სეზონში კვიპროსმა ორი მატჩი ჩაატარა - სტუმრად ლიეტვას ანგარიშით 1:0 სძლია, შინ კი კოსოვოსთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა.
კვიპროსის ნაკრებამდე თემურ ქეცბაია კვიპროსის „ანორთოსისს“ წვრთნიდა. მან გუნდს 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, 2007 და 2021 წლებში კვიპროსის თასი, ხოლო 2007 წელს კვიპროსის სუპერთასი.
ქეცბაია საქართველოს ნაკრებს 2009 წლის 6 ნოემბრიდან 2014 წლის 15 ნოემბრამდე პერიოდში ედგა სათავეში.
საქართველოს ეროვნული გუნდის სახელით მან 45 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.