თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილი (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა, იუწყება „პირველი არხი".
საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
ბრძოლის თითქმის ყველა რაუნდი ქართველის უპირატესობით მიმდინარეობდა, დვალიშვილი მეტოქეს მიწაზე აკონტროლებდა და ზუსტად ურტყამდა. საბოოლოდ, მსაჯებმა გამარჯვება ერთსულოვნად ქართველს მიანიჭეს.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
რაც შეეხება მის მეტოქეს, 29 წლის ამერიკელმა სუპერმსუბუქი წონის ქამარი 2023 წლის აგვისტოში მოიპოვა და მიმდინარე წლის მარტში წარმატებით დაიცვა.
ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში დვალიშვილმა 18-ჯერ მოიგო.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.