„რთველი-2024": კახეთში 111 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია -300 ათასი ტონა.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. 15 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში გადამუშავებულია 111 ათასი ტონა ყურძენი, მათგან 47 ათას ტონამდე „რქაწითელი" და 53 ათას ტონამდე „საფერავია", იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, გადამუშავებული „საფერავის" რაოდენობა ორჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 9.300-მა მევენახევე ფერმერმა დააბინავა, ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 225 ღვინის კომპანია და მარანი.
მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველი სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. სუბსიდია 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების შესაძლებლობას მისცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.
ჭარბი მოსავლის პირობებში „საფერავის" დროული დაბინავებისა და მისი ხარისხის შენარჩუნებისთვის საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 13 სექტემბრიდან შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე-ფერმერებისგან 1 კგ „საფერავის" ჯიშის ყურძენს 1,5 ლარად იბარებს.
ამასთან ერთად, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1,5 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული აღნიშნული ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახეებისგან ყურძენს კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 20-მდე ლოკაციაზე იბარებს.
ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელი 12-13 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც ნიშნავს რომ რთველი აქტიურ ფაზაშია.
2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს.
ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.