თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი მებრძოლი შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილი (იგივე The Machine) UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში, რომელიც ლას-ვეგასში, „სფეროს“ უნიკალურ არენაზე გაიმართა, 33 წლის ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჩემპიონმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის იბრძვის და ქართველი გულშემატკივრების გახარებით ბედნიერია.
„პირველი ემოცია საოცარი იყო, თავს ვერ ვაკონტროლებდი. როდესაც წამოვდექი, მაშინ გავაცნობიერე, რომ ქამარი ჩემი იყო და ჩემპიონი ვიყავი. ახლა ვაანალიზებ, რაც მოხდა. სამი ყოფილი ჩემპიონი დავამარცხე, შონი მეოთხე იყო. ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე", - განაცხადა დვალიშვილმა.
ქართველმა მებრძოლმა მოწინააღმდეგესთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„შონ ო’მალისთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ დომინირება და იმის ჩვენება მსურდა, რომ მისი გატეხვა შემეძლო. მეტოქეს პატივს ვცემ, იმის მიუხედავად, რა თქვა ჩემზე. ის ბევრს შრომობს, ვფიქრობ, უფრო ძლიერი დაბრუნდება", - განაცხადა დვალიშვილმა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-11 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია. ჯამში შერეულ ორთაბრძოლებში გამართულ 22 ბრძოლაში მან 18-ჯერ მოიგო.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელმაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა - თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
UFC-ის ქართველი მებრძოლი ბოლო 10 წელზე მეტია აშშ-ში ცხოვრობს, აქედან 7 წელი მშენებლობაზე მუშაობდა და პარალელურად ვარჯიშობდა. 33 წლის დვალიშვილი ორთაბრძოლებზე ხშირად გამოდის ნაციონალური ფაფახით და დროშით და აღნიშნავს, რომ წარმოშობით საქართველოდანაა.