კობახიძე: არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ არა რუსეთის მხრიდან

არჩევნებზე ზეწოლის მოსახდენად საჭიროა რესურსები მედიის, მიმართულებით, საკუთარი აგენტურა, რაც არ გააჩნია რუსეთს, მაგრამ აქვს სხვა გარე „ძალებს“, განაცხადა პრემიერმა
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე - რუსეთს არ გააჩნია ასეთი რესურსები, მაგრამ აქვთ სხვა ძალებს, ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს არის დანიშნული. ისინი პირველად ჩატარდება მხოლოდ პარტიული სიებით და ელექტრონული კენჭისყრით, რაც პროცედურის გამარტივებას, დათვლის სიზუსტის უზრუნველყოფას და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ემსახურება. პარლამენტში შევლენ პარტიები, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე საქართველოში. რაც შეეხება ზოგადად სურათს, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძე ამტკიცებს, არჩევნებზე ზეწოლის მოსახდენად საჭიროა რესურსები მედიის, პარტიების მიმართულებით, რაც არ გააჩნია რუსეთს, მაგრამ აქვს სხვა გარე „ძალებს“.
„არჩევნებზე გავლენის მოხდენას რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გვყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში, მედიარესურსები უნდა გქონდეს. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
გარდა ამისა, მთავრობას ესმის ათასობით მუქარა და შანტაჟი თავისი მისამართით და ამის მიზეზი „მეორე ფრონტის“ არგახსნაა, განაცხადა პრემიერმა.
„ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს, მიზეზია ის, რომ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან კონკრეტული ადამიანები გულდაწყვეტილები. მათ იმედი აქვთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეორე ფრონტი გახსნან, რასაც ვერ ეღირსებიან. ქართული საზოგადოება, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.