თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელები, პარალიმპიელები და პარიზის ოლიმპიადის მონაწილეები ორდენებით დააჯილდოვა.
საზეიმო ცერემონია თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ, ღია ცის ქვეშ გაიმართა. ოლიმპიელთა, ასევე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობისა და ოლიმპიური გუნდების ექიმების დაჯილდოების შემდეგ კონცერტი გაიმართა.
„თქვენ არა მხოლოდ დაიმსახურეთ მედლები, ჯილდოებით და პრემიები, თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, ბევრად ძვირფასი, ბევრად მარადიული, ისეთი რამ, რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს და ეს არის ხალხის სიყვარული“, - განაცხადა ზურაბიშვილმა ცერემონიის დასაწყისში.
მისი თქმით, სპორტსმენები ახალგაზრდებს აძლევენ პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის მაგალითს.
„ჩვენი ისტორიის ამ ურთულეს პერიოდში, თქვენ სჭირდებით ქვეყანას, სჭირდებით მომავალ თაობებს, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის. მაგალითს პროფესიონალიზმის, თავდადების, შემართების და მიზანდასახულობის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში.
მთლიანობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტსმენებმა 47 მედალი მოიპოვეს - 13 ოქრო, 15 ვერცხლი და 19 ბრინჯაო.
ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძალოსანი ლაშა ტალახაძე, ძიუდოისტი ლაშა ბექაური და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ძიუდოისტებმა ტატო გრიგალაშვილმა, ილია სულამანიძემ და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმა. ბრინჯაოს დაეუფლა მოკრივე ლაშა გურული.
საქართველოს პარალიმპიურმა ნაკრებმა პარიზის ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე სპორტის ექვს სახეობაში 14 პარაათლეტით იასპარეზა. მათ მედლების რეკორდული რაოდენობა მოიპოვეს: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა ცხრა მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ვერცხლის მედლები პარამსროლელმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა, პარაძიუდოისტებმა ზურაბ ზურაბიანმა, გიორგი ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ მოიპოვეს, ბრინჯაოს მედლებს კი პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე, ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი, პარაძიუდოისტი ინა ქალდანი და აკაკი ჯინჭარაძე დაეუფლნენ.