თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ტყუილში დაადანაშაულეს მისი სიტყვების გამო, რომ ქვეყანამ, ხელისუფლების პოლიტიკის გამო, ევროკავშირისგან 14 მილიარდი ევრო დაკარგა.
ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს. ევროკავშირმა გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და 14 მილიარდი ევროს დაფინანსება, რომელზედაც წვდომა იხსნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთანავე.
„მოლაპარაკებები გაუხსნეს უკრაინას და მოლდოვას? ამ მიმართულებიდან 14 მილიარდი მისცა რომელიმეს ვინმემ?“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
მან აღნიშნა, რომ მოლდოვას არანაირი 14 მლრდ ევრო არ მიუღია. ხოლო ის დახმარება, რომელსაც ახლა უკრაინა იღებს, საქართველოს არ სჭირდება, რადგან ის არ აპირებს კონფლიქტში ჩართვას.
თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერები დაუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ.
„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომ თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს, რაღაც თანხას აძლევს. მათ შორის, დღეს ვნახე ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, 14 მილიარდს უკვე თან ანაწილებდა. მოუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიცია მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოისყიდოს ქართველი ხალხი, ევროპა კი „სალაროდ“ აქციეს.
„ჯერ ერთი არჩევნებში გავიდნენ და ვნახოთ, ხალხი რას ეტყვის, ამას თვითონაც ნახავენ. ამასთან, საუბრობენ რაღაც ფულზე და ჰგონიათ, რომ ამით საქართველოს მოსახლეობა უნდა იყიდონ. საერთო ჯამში, სამარცხვინოა, რომ ევროპა ქართველი ხალხის თვალში ფაქტობრივად, სალაროდ აქციეს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
იმის შესახებ, რომ „ნაცმოძრაობა“ ამომრჩევლების მოსაზიდად ტყუილებს იყენებს, მმართველი პარტიის დეპუტატმა ბექა დავითულიანმაც განაცხადა.
„ახლა იყვირებენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვან "ქართულ ოცნებას" ხმა არ მისცეთ, ესენი ხელს უშლიან მილიარდობით ევროს მოზიდვასო და ჩვენ თუ მოგვცემთ ხმას ეს მილიარდობით ევრო იქნება მოზიდულიო - რაც ისეთივე ტყუილია, როგორიც თითქოს სტატუსს მილიარდობით დოლარი მოჰქონდა“, - განაცხადა დავითულიანმა.
ამასთან, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის აღნიშნული თანხა როგორც საქართველოს განვითარების ძირითადი საშუალება უკვე ჩართეს თავის წინასაარჩევო პროგრამაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
ძალთა გადანაწილება
საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალა“ ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას.
ერთი თვის წინ ახალი პოლიტიკური პლატფორმა ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შექმნეს - ეს უკანასკნელი 2016 წელს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილე გიორგი ვაშაძემ დააარსა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო.
არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა გადაწყვიტა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ: „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“ და „ახალი“. აღნიშნული პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა დააფუძნეს.
საარჩევნოდ გაერთიანდა „ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის" და ახალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი".
28 პარტიამ და მოძრაობამ, რომლებიც კონსერვატიულ შეხედულებებს იცავენ და რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მომხრენი არიან, საარჩევნოდ ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს.
მათ შორისაა პარტიები „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო", „ქართული იდეა", „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", „მონარქისტული პარტია" და სხვები. ივნისში მათ „საქართველოს პატრიოტთა ერთობის დეკლარაციას" მოაწერეს ხელი.