თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ დაპირებებს ვერ იძლევა და ამიტომ ბინძურად იყენებს ევროკავშირს, როგორც საარჩევნო ინსტრუმენტს, განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს. მისი თქმით, ევროკავშირმა გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და 14 მილიარდი ევროს დაფინანსება, რომელზედაც წვდომა იხსნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთანავე.
„როდესაც მათ („ნაცმოძრაობას“) არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა და უნარი საკუთარი დაპირებები გასცენ, ევროკავშირის ფულის ხარჯზე ცდილობენ დაპირებები მისცენ საქართველოს და ასეთი ბინძური ფორმებით აქციონ ევროკავშირი წინასაარჩევნო ბრძოლის ინსტრუმენტად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა თინა ბოკუჩავა ტყუილში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ არც მოლდოვას, არც უკრაინას როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის ფონდებიდან ქვეყნის განვითარებაზე 14 მლრდ ევრო არ მიუღიათ.
ბოკუჩავას თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს. ევროკავშირმა გაყინა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და 14 მილიარდი ევროს დაფინანსება, რომელზედაც წვდომა იხსნება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლისთანავე.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი განაცხადა, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ მოისყიდოს ქართველი ხალხი, ევროპა კი „სალაროდ“ აქციეს.
ამასთან, რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ევროკავშირის აღნიშნული თანხა როგორც საქართველოს განვითარების ძირითადი საშუალება უკვე ჩართეს თავის წინასაარჩევო პროგრამაში.
2024 წლის ივლისის ბოლოს, „გამჭვირვალობის“ კანონის მიღების პასუხად ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 30 მილიონი ევროს გაყინვისა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ.
შეერთებულმა შტატებმა და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.