ეუთო/ოდირის მისია საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვებას შეუდგა

საქართველო დაინტერესებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით, რათა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია უკვე საქართველოშია - პირველი შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 12 სექტემბერს გამართა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს მთავრობამ არჩევნებზე მოწვევა გაუგზავნა ყველა საერთაშორისო ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთოს და ევროკავშირს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო დაინტერესებულია საერთაშორისო დამკვირვებლების დიდი რაოდენობით, რათა არჩევნების პროცესის გამჭვირვალობა უზრუნველყოს.
„შეხვედრის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას უკავშირდება. ვფიქრობ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
ცესკოს პრესსამსახურის ინფორმაციით, კალანდარიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ამომრჩეველთა ინფორმირების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის ახორციელებს“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.
კობახიძე: რაც უფრო მეტი დამკვირვებელი იქნება არჩევნეზე, მით უკეთესი>
ცესკოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ნეიტრალური და ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.
თავის მხრივ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოუენ მერფიმ ცესკოს თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდა იმ დამკვირვებლების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან.
მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, რომელსაც ორგანიზაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად მხოლოდ პარტიული სიებით და ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.