საქართველოს ეკონომიკა მრავალი გამოწვევის მიუხედავად იზრდება - ექსპერტი

ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები განპირობებულია ქვეყნის პოტენციალის გამოყენების სწორი დაგეგმვითა და თავისუფალი ბიზნეს გარემოთი, ამტკიცებს ჩიხელიძე.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც აგრძელებს ზრდას მრავალი შიდა თუ გარე გამოწვევის მიუხედავად და ქმნის უნიკალურ გამოცდილებას მსოფლიოსთვის, განაცხადა ექსპერტმა დავით ჩიხელიძემ.
ჩიხელიძე გამოეხმაურა მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ შესახებ მოხსენებას, რომლის თანახმად 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5 წლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილს, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე გავა.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდა, ბევრად უფრო მაღალი და მკვეთრი იქნებოდა, რომ არა ოპოზიციის რევოლუციური ვნებები, რომელიც ქვეყნის ტურბულენტურ ზონაში ყოფნას ცდილობს, რაც რა თქმა ჩვენს ეკონომიკას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. ფაქტობრივად დადასტურდა, საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის“, - დაწერა ჩიხელიძემ სოციალურ ქსელში.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ქვეყანაში მშვიდობა რომ არ ყოფილიყო, ეკონომიკური ზრდა არ მოხდებოდა. მისი თქმით, სწორედ მშვიდობამ მოუტანა საქართველოს კეთილდღეობა, რომელიც კონკრეტულ ციფრებში აისახა.
„სად არის უკრაინა? ეს არ არის რიტორიკული კითხვა, უკრაინა კარგი მაგალითია, თუ რას გადაურჩა ჩვენი ქვეყანა და რა მოაქვს ომს, საქართველო მსოფლიო ლიდერია, როგორც ქვეყანა ვითარდება, იზრდება ეკონომიკა, ბიუჯეტი, ხელფასები, პენსია. პარალელურად მცირდება უმუშევრობა, ვითარდება ინფრასტრუქტურა და ა.შ. ამ დროს უკრაინაში რა ხდება?“ - აღნიშნა ექსპერტმა.
მისი თქმით, ეკონომიკის ზრდის ასეთი მაღალი ტემპი გამოწვეულია რამდენიმე ფაქტორით. ეს არის საქართველოს პოტენციალის გამოყენების სწორი დაგეგმვა, თავისუფალი ბიზნეს გარემო, სხვადასხვა ბიზნეს თუ ეკონომიკური სერვისების ხელმისაწვდომობა, დაბალი გადასახადები და ა.შ.
ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს - 11%, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის ივლისში საქართველოს რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 13% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საშუალო წლიური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ს მიუახლოვდა.
მსოფლიო ბანკის შეფასება
მსოფლიო ბანკის თვალსაზრისით, საქართველო განსაკუთრებულ, ზედიზედ სამწლიან საპროგნოზო ლიდერობას ავლენს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაუმჯობესებით პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, რითაც საბოლოოდ ქარწყლდება ყალბი ნარატივი, რომ თითქოს საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა პანდემიის დროს მისი ეკონომიკის ძლიერი ვარდნის ეფექტით უნდა იყოს გამოწვეული.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 5 წლიანი პროგრესით (ზრდა 2019 წელთან შედარებით) საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ ადგილზე. ამ ხუთწლედში ერთ სულ მოსახლეზე საქართველოს რეალური ეკონომიკა 30,3 პროცენტით იზრდება.
გარდა ამისა, 2025 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის 6 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გადის, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზეა. აღნიშნულ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 37%-ით უმჯობესდება.
2026 წელს ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის სიდიდის 7 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველი იქნება. ამ 7 წლის მანძილზე საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური ეკონომიკის გაზრდას 44-ზე მეტი პროცენტით შეძლებს.