თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მზად არის ოპოზიციასთან სატელევიზიო დებატებისთვის, მაგრამ სხვა საკითხია, რომ ხელისუფლების ოპონენტებს საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, გარდა იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანიას მათ ნაცვლად უცხოელები აწარმოებენ, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ოპოზიციური პარტიები დაფინანსებას სრულად ან ნაწილობრივ არ ასაჯაროებენ. ამავდროულად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიები და აქტივობები, შესაძლოა, ფინანსდებოდეს უცხოური დონორი ორგანიზაციებისგან ან სხვა წყაროებიდან, რომლებიც, თავის მხრივ, თანხებს უხდიან აღნიშნულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
„რაც შეეხება სატელევიზიო დებატებს, კი ბატონო, ჩემთვის არავითარი პრობლემა არ არის, არავითარი სირთულე არ არის, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოების წინაშე, უცხოელები ატარებენ მათ მაგივრად კამპანიას, რა დებატების თავი აქვთ“, - განაცხადა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დებატების ძირითად სივრცეს პარლამენტი წარმოადგენს.
„პარლამენტი არის დებატების მთავარი სივრცე, მათ ჰქონდათ შანსი თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, შემდეგ იყო ივნისი, ახლა არის უკვე სექტემბერი. ექვსჯერ ჰქონდათ შანსი, რომ ჩემთან გამართულიყო საპარლამენტო დებატები, ექვსივეჯერ გაექცნენ“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერი გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის მზად არის იტვირთოს პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს მეთაურის პოსტი მეორედ დაიკავოს. როგორ პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს კონსტიტუცია სალომე ზურაბიშვილს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მას კონსტიტუცია არ აძლევს უფლებას, რომ საერთოდ ჩართული იყოს საარჩევნო კამპანიაში. ის ამ შემთხვევაშიც არღვევს კონსტიტუციას, მათთან დებატებს არავითარი არც ფასი აქვს, არც სირთულე აქვს, რაღაც დებატები უნდა იყოს ცოტა რთული მაინც, იმისათვის, რომ იქ მონაწილეობა ღირდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა 10 სექტემბერს მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით იყაროს კენჭი, დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები აწარმოოს და საქართველო ევროპული განვითარების გზას დააბრუნოს.
მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 2024 წლის შემოდგომაზე იწურება. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევს არა ქვეყნის მოსახლეობა, არამედ საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარტიები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5-პროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
პრემიერი ასევე გამოეხმაურა ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ დასუსტებულია და გამოკითხვების თანახმად, არჩევნებზე 25%-ზე მეტს ვერ მოიპოვებს.
„ჩვენი დღევანდელი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60 პროცენტი, ამ პირობებში ხედავთ, რომ სალომე ზურაბიშვილს არავითარი შანსი არ აქვს. მთელ ოპოზიციას, ვინც დღეს ლახავს ბარიერს, აქვს 20 პროცენტამდე. 60/20-ზე თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს რომ არჩეული იყოს პრეზიდენტის თანამდებობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ზურაბიშვილმა პოსტი „ნაცმოძრაობის“ წყალობით შეინარჩუნა, მას შემდეგ, მან დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც სამი უცხოური ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა.
„ის არის დღეს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, მეორედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი ვერ გახდება“, - განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ძირითადი ბრძოლა გაიმართება მმართველი პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერები კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც, ხელისუფლების თქმით, ცდილობენ არიონ ვითარება საქართველოში, მოაწყონ რევოლუცია და, ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში, ქვეყანა ომში ჩაითრიონ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პირველად ხმის მიცემის ელექტრონული სისტემით გაიმართება - გამოყენებული იქნება ახალი ბიულეტენები და სპეციალური დამთვლელი მანქანა. ახალი ტექნოლოგიები საარჩევნო უბნების 90%-ზე იქნება დანერგილი.
ამასთან, ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ პარლამენტში 150 მანდატი შეივსება პარტიული კენჭისყრის საფუძველზე. ამასთან, პარტია პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ხმების მინიმუმ 5%-ს მიიღებს.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. კენჭისყრა ჩატარდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.